რას ნიშნავს მინიმალიზმი ინტერიერში?

24/01/2021

როგორც სტილი, მინიმალიზმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდისთვის დიზაინში რომანტიკული ნოტები ნელ-ნელა შეიცვალა და გახდა უფრო პრაქტიკული და ფუნქციონალური. მისი სამშობლო გახდა გერმანიის არქიტექტურული ინსტიტუტი - ბაუჰაუზი. აქ შეიკრიბნენ იმ დროის ყველაზე თამამი და წინწასული დიზაინერები და წინ აღუდგნენ მაშინდელ გაბატონებულ მოდერნს, რომელიც გატაცებული იყო ფორმების დახვეწით და დავიწყებული ჰქონდა მნიშვნელობა - "ფორმა უნდა ემსახურებოდეს დანიშნულებას". მათ გააკეთეს გამოწვევა ადრინდელ ესთეტიკასთან. 

 

ეს სტილი არის თანამედროვე დიზაინის ძალიან გამოკვეთილი მიმართულება, სადაც მარტივი გეომეტრიული ფორმების ელემენტების შესაქმნელად გამოყენებულია სამრეწველო და ბუნებრივი მასალები.

მინიმალიზმი ხასიათდება სათავსოს გაშლილი სივრცით, ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების მინიმალური რაიდენობით. ამ სტილში არ ხდება სათავსოს დაყოფა ოთახებად, სათავსოს ზონირებისთვის იყენებენ ავეჯის ნაკეთობებს (მაგ. კარადა- ტიხარი).

ამ სტილის ინტერიერებში იღებენ ოთახის ტიხრებს, კარებებს ცვლიან თაღებით და ფანჯრებს აფართოებენ. მინიმალიზმის სტილის დიზაინი დაფუძნებულია ნახევარტონების ფერთა თამაშზე, სადაც ყველაზე უფრო ჩართულია თეთრი, ნაცრისფერი, შავი და ბუნებრივი ელფერის მქონე ფერები.

ეს სტილი პროექტირების დროს დიზაინერისაგან მოითხოვს ძალინ დიდ ყურადრებას. ამ სტილის ავეჯი შეიძლება იყოს მრავალფუნქციური და მოდულური. ავეჯის დასამზადებლად იყენებენ ნატურალური ხის მასალას, ალუმინის პროფილებს, ქრომირებულ დეტალებს, შუშას. რბილი ავეჯის ზედაპირებზე გადასაკრავად იყენებენ ტყავს და ქსოვილს. გადასაკრავი მასალა უნდა იყოს ერთი ტონალობის, რომელზედაც შეიძლება მოთავსდეს კონტრასტული მკვეთრი ელემენტები (მაგ. კონტრასტული ფერის ბალიშები).

ინტერიერის მინიმალისტურ გადაწყვეტაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს განათებას. სადაც გაფანტული შუქი აირეკლება კედლის ღია მქრქალი ზედაპირებიდან, იატაკიდან, ჭერიდან და თანაბრად ავსებს სათავსოს მთლიან სივრცეს.

სასურველია, რომ ფანჯრები ფართო და ღია იყოს, ფარდებისა და დარაბების გარეშე. ამ გზით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ინტერიერი შერწყმულია გარე სამყაროსთან. თუ თქვენ არ მოგწონთ ხედი თქვენი ფანჯრებიდან, შეგიძლიათ ჰორიზონტალური ჟალუზები ან გამჭვირვალე ფარდები გამოიყენოთ.